logo
ENG



"საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია" - ზურაბიშვილი ზელენსკის შეხვდა

15 ივნ 202418:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/xsl4i6vr9io53jl.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ზელენსკის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და ვიცეპრემიერი იულია სვირიდენკო ესწრებოდნენ, სალომე ზურაბიშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ "საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას".

ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ამ ორი სახელმწიფოს ადგილი ევროპაშია, ხოლო განვითარებისთვის აუცილებელია, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მშვიდობამ დაისადგუროს.

"შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა", - წერია ადმინისტრაციის პრესრელიზში.


close დახურვა